საზოგადოება
08.07.2026 11:20
ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციას და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ
ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციას და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას/ჩიპირებას ატარებენ.

შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც გიორგი იაკობაშვილმა აღნიშნა, პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის მონაწილე მხარეებს შორის მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია.
 
„ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია უპატრონო/მიკედლებული და პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ჩიპირება, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ძუ ძაღლების სტერილიზაცია, რასაც სააგენტოსთან ერთად, კერძო ვეტერინარული კლინიკები უზრუნველყოფენ. პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
კვირის ამბები