საზოგადოება
10.07.2026 16:16
შიდა ქართლში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, შიდა ქართლში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 176 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით დარღვევის 2664 ფაქტი გამოვლინდა და სამართალდარღვევებიდან 713 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია, 250 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 267 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 85 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 46 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 240 - კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა, 5 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 1058 კი - სხვა დარღვევა.

„რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 654 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 372 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 250 - მცხეთა-მთიანეთში, 200 - აჭარაში, 184 - იმერეთში, 176 - შიდა ქართლში, 146 - სამცხე-ჯავახეთში, 130 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 18 - გურიაში, 2 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2026 წლის 6 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 532 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე “, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
კვირის ამბები