გორის მუნიციპალიტეტში სასკოლო ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა. საბჭო საჯარო და კერძო სკოლების, ჯამში, 64 მოსწავლეს აერთანებს. წევრები დემოკრატიული არჩევნების გზით შეირჩნენ.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, საბჭოს საქმიანობა მრავალფეროვან მიმართულებებს მოიცავს და მკაფიოდ განსაზღვრული მანდატით, სტრუქტურით და წესდებით იმუშავებს.
საბჭოს წევრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საბჭოს მიერ შერჩეულ საუკეთესო ინიციატივებს დააფინანსებს, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
„ახალგაზრდული საბჭოს შექმნა მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის და მუდმივი დიალოგის გაძლიერებას.
საბჭოს წევრები იმუშავებენ ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არაფორმალური განათლების და საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობაზე, დასაქმების და მეწარმეობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, კულტურის, სპორტის, მოხალისეობის და სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაციაზე, გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების საკითხებზე, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროექტს გორის მუნიციპალიტეტში გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „პანონიმა“ ახორციელებს.