გორის მუნიციპალიტეტის ავტორიზებულ საბავშვო ბაღებში განახლებული კვების მენიუ დაინერგება
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლებმა და საბავშვო ბაღების დირექტორებმა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი მენიუს გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. შეხვედრას, ასევე, სააღმზრდელო დაწესებულების კვების განყოფილების თანამშრომლები, ექთნები და სამეურნეო დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა განახლებული კვების მენიუს, HACCP-ის მოთხოვნების, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესახებ.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, განახლებული მენიუ პირველ ეტაპზე ავტორიზებულ ბაღებში დაინერგება, ხოლო ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს მოიცავს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღსაზრდელებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მეტად ჯანსაღი, უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კვება.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას და სკოლამდელი აღზრდის ხარისხის გაუმჯობესებას“, - აცხადებენ სააგენტოში.