გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი აგროსაწარმოები დაათვალიერა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე ქვახვრელში მდებარე ღვინის მარანში (შპს „უფლისციხის მამული“), კარალეთში მდებარე კომბინირებული საკვების გადამმუშავებელ საწარმოში (შპს „აგრო უნივერსალ საქართველო“) და ძევერაში სახელმწიფო აგროპროგრამების მხარდაჭერით განვითარებულ მეურნეობაში (შპს „აგროქართლი“) იმყოფებოდნენ, სადაც საწარმოების ინფრასტრუქტურას, წარმოების და გადამუშავების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, პროდუქციის შენახვის შესაძლებლობებს და განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნენ, კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შედეგები, ასევე აგროსექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
„მსგავსი საწარმოები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქვეყანაში სრულ ღირებულებათა ჯაჭვს. ჩვენი მიზანია, საქართველოში შეიქმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ამასთანავე, ექნება მაღალი საექსპორტო პოტენციალი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ყველა საწარმო, რომელიც მოვინახულეთ, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად არის შექმნილი. ეს მათ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს და ქართულ პროდუქციას, როგორც ხარისხის ნიშანს ამკვიდრებს მსოფლიოში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევშიც იმყოფებოდა, სადაც ხილის გადამმუშავებელ საწარმოს - შპს „ფი ემ გრუპი“ ეწვია. მინისტრმა, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საწარმოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ხილის გადამუშავების პროცესს და კომპანიის განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო.