გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 500 ახალგაზრდა ბოშურში, საველე ბანაკში დაისვენებს
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500 ახალგაზრდას ბოშურში, საველე ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.
პროექტი - „მამული, ენა, სარწმუნოება“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის“ თანადაფინანსებით ხორციელდება და როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ბანაკში მოზარდები პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას მიიღებენ, რაც მათი პიროვნული, სოციალური და პროფესიული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ბანაკში მონაწილეები 4 ნაკადად გადანაწილდებიან, ხოლო თითოეული ნაკადი ბოშურში 6 დღის განმავლობაში დარჩება.
ბოშურში შეიქმნება საველე სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეხვდებიან მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, სპორტსმენებს, პოლიციელებს, სამხედროებს და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რაც მონაწილეებს პროფესიების სპეციფიკის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
რაც შეეხება მონაწილეებს, ბანაკში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14-18 წლის ახალგაზრდები გაემგზავრებიან.
მსურველებმა კი 31 ივლისის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: forms.gle/81ZqjEduqXeADPcY8 ახალგაზრდების შერჩევა ორ ეტაპად (დოკუმენტაციის გადარჩევა; გასაუბრება) განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებმა ტელეფონის ნომერზე: 599 40 26 13 უნდა დარეკონ.