გორში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო ორი მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და სპორტსმენებისთვის აუცილებელი სრული ინფრასტრუქტურა - გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და დამხმარე სათავსოები ეწყობა.
„ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი ადგილობრივ სპორტსმენებს და ახალგაზრდებს ყოველდღიური საწვრთნელი პროცესისთვის თანამედროვე სივრცით უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას, მასობრივი სპორტის განვითარებას და რეგიონში სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარებას.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც რეგიონებში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის ქსელის შექმნის და ახალგაზრდებისთვის სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობის პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.