გასული 5 წლის განმავლობაში, ივლის-აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ პოპულარულ ლოკაციას ნადარბაზევის ტბა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გაშენებული მზესუმზირის ნათესები წარმოადგენდა.
მზესუმზირის ნათესები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერს თემურ ფსუტურს ეკუთვნოდა, წელს კი, როგორც ფსუტურმა „გორის მაცნეს“ განუცხადა, მზესუმზირა მისმა მეგობრებმა დათესეს და ნათესები ძველი ადგილისგან ოდნავ მოშორებით, ტბის სამხრეთით, ფერდობზე მდებარეობს.
„გორის მაცნემ“ გაარკვია, ნადარბაზევის მზესუმზირების ნახევარზე მეტი უკვე გაყვავილებულია და ვინც მზესუმზირის ყვავილობისას ფოტოსესიას გეგმავთ, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ავტობანიდან ნადარბაზევის ტბამდე მანძილი 2.5 კილომეტრია, გზა გრუნტიანია და რეკომენდებულია მაღალი გამავლობის მანქანით მისვლა, ასევე სანახავია: ტბა, ნაძვნარი, სალოცავი (ზეგარდა), შესაძლებელია მოაწყოთ პიკნიკი და ითევზაოთ (თევზაობა ფასიანია, მთელი დღე 15 ლარი).
რაც შეეხება ფართობს, წელს, მზესუმზირის პლანტაცია 18 ჰა-ზეა გაშენებული, გასულ წლებში კი, სხვადასხვა ფართობს მოიცავდა - 10-დან 50 ჰა-მდე.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მზესუმზირებამდე მისასვლელად ტბას ნახევარწრეზე უნდა შემოუაროთ, აღნიშნული გზაც გრუნტიანია და მეტწილად ბალახითაა დაფარული.