მეჯვრისხევში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობის სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
სპორტული ინფრასტრუქტურა UEFA-ს სტანდარტების შესაბამისად შენდება და პროექტი ხელოვნურსაფარიანი მოედნის, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების და დამხმარე სათავსოების მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაობის მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
„პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მასობრივი სპორტის, ისე ფეხბურთის განვითარებისთვის. მისი განხორციელების შედეგად, ათიათასობით ქართველ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, ივარჯიშოს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სტადიონებზე. ყველა სტადიონი UEFA-ს სტანდარტებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შენდება, რაც მაღალი ხარისხის სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, შიდა ქართლში პარალელურად მიმდინარეობს სურამის რაგბის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, ხოლო სურამის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის პროექტირება აქტიურ ეტაპზეა.