„საქართველოს მელიორაციის“ სამი ახალი სერვისის მიღება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში უკვე ხელმისაწვდომია.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სიახლე მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, განაცხადი გააკეთონ ახალი წყალმომარაგების განრიგის შეთანხმების, არსებული განრიგის შეცვლის და გაუქმების მოთხოვნით. მომსახურებით სარგებლობა კი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ.
„სამელიორაციო მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, ისე დროებით მფლობელებს. სერვისის მისაღებად კი აუცილებელია, დაინტერესებული პირი რეგისტრირებული იყოს „საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებლად და მინიჭებული ჰქონდეს უნიკალური ნომერი.
ახალი მომსახურების დანერგვით, იუსტიციის სახლში შპს „საქართველოს მელიორაციის“ სერვისების ინტეგრაციის პროცესი დასრულდა. იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და მომსახურების არეალს მუდმივად აფართოებს“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.