საზოგადოება
29.07.2026 11:32
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველების რეგისტრაცია დღეს დაიწყო
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველების რეგისტრაცია დღეს, 29 ივლისს დაიწყო და უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება აქვთ, 19 აგვისტოს 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით ბმულზე: online1.naec.ge/csig/ გამოცდა ზოგად უნარებში კი 3 სექტემბერს ჩატარდება.

„გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება:

იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცდაში მონაწილეობის საფასური 100 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პირს, რომელიც საჭიროებს სპეციალურ პირობებს, ვალდებულია მიმდინარე წლის 19 აგვისტოს 18:00 საათამდე ცენტრში წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
თუ პირს, რომელსაც სპეციალური საჭიროება წარმოეშობა მიმდინარე წლის 19 აგვისტოს შემდეგ და სურვილი ექნება შეექმნას სპეციფიკური საგამოცდო გარემო, გამოცდის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე ცენტრში უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა და სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

პირებს, რომლებიც ატვირთავენ ხარვეზიან განაცხადს, უფლება აქვთ 20 აგვისტოს 18:00 საათამდე გაასწორონ რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი.

გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება.
კვირის ამბები