STEAM საგანმანათლებლო პროგრამა დასრულდა - სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ
STEAM საგანმანათლებლო პროგრამა დასრულდა. პროექტში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ.
ოთხთვიანი სასწავლო კურსი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ეტაპებს მოიცავდა. კონკურსის შედეგად შერჩეულმა 60-მა მოსწავლემ რობოტიკის და პროგრამირების მიმართულებით მიიღო ცოდნა. ახალგაზრდები ლეგოს ტექნოლოგიურ სისტემებს, რობოტიკის საფუძვლებს, სენსორებს და ელექტრონულ კომპონენტებს, კოდირების პრინციპებს, Arduino მიკროკონტროლერს, პროგრამირების ძირითად მიმართულებებს, ასევე 3D დიზაინს და 3D ბეჭდვის ტექნოლოგიებს გაეცნენ.
საგანმანათლებლო პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თვითმმართველობის წევრებმა ახალგაზრდებს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. გარდა ამისა, პროგრამაში ჩართულ ყველა მოსწავლეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცეს.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ა(ა)იპ „პასკალი 2012“-მა განახორციელა. სასწავლო პროგრამის მიზანს ახალგაზრდებში ტექნოლოგიური უნარების, ინოვაციური აზროვნებისა და პრაქტიკული ცოდნის განვითარება წარმოადგენდა.