საზოგადოება
29.07.2026 11:34
რეგულარულად განაახლეთ ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა - ფიშინგის თავიდან ასაცილებლად სააგენტო მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობს
როგორ მოვიქცეთ საეჭვო ბმულის მიღებისას და როგორ ამოვიცნოთ საეჭვოა თუ არა - ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ფიშინგი კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. თაღლითები ყალბი ბმულების, ელექტრონული ფოსტის ან შეტყობინებების საშუალებით ცდილობენ პერსონალური და ფინანსური ინფორმაციის მოპოვებას. თანამედროვე ფიშინგ-შეტყობინებები კი ხშირად იმდენად დამაჯერებელია, რომ მათი ამოცნობა სულ უფრო რთულდება.

რაც შეეხება სააგენტოს რეკომენდაციებს: არ იჩქაროთ - ფიშინგ-შეტყობინებები ხშირად ქმნის გადაუდებლობის განცდას („ანგარიში დაიბლოკება“, „სასწრაფოდ დაადასტურეთ მონაცემები“). გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია;
შეამოწმეთ ბმული სპეციალურ პლატფორმაზე: VirusTotal (www.virustotal.com);

რეგულარულად განაახლეთ ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა, რათა თქვენი მოწყობილობა უფრო დაცული იყოს.

„როგორ ამოვიცნოთ საეჭვო ბმული? - დააკვირდით ვებმისამართს - ერთი შეხედვით უმნიშვნელო განსხვავებაც კი შეიძლება თაღლითობაზე მიუთითებდეს.

შეამოწმეთ, იყენებს თუ არა HTTPS-ს - უსაფრთხო ვებგვერდი, როგორც წესი, იწყება https://-ით და მისამართის ველში აქვს უსაფრთხოების ნიშანი. თუ გვერდი იწყება მხოლოდ http://-ით, თავი შეიკავეთ პერსონალური ინფორმაციის შეყვანისგან.

გადაამოწმეთ გამომგზავნი - თუ შეტყობინება მოულოდნელია ან საეჭვოდ გამოიყურება, დაუკავშირდით გამომგზავნს სხვა არხით და დარწმუნდით, რომ ბმული ნამდვილად მან გამოგიგზავნათ“, - ნათქვამია ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები