შიდა ქართლში რეგიონულ პრე-აქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, შიდა ქართლში რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამა დაიწყო.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, პროგრამა განკუთვნილია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც აქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა ან სურს სტარტაპ გუნდის ჩამოყალიბება. პროგრამის მონაწილეები კი უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით, კვებით და ყველა საჭირო სასწავლო მასალით.
„პროგრამა სპეციალურად რეგიონში მცხოვრები ინოვაციური მეწარმეებისთვის შექმნილი 4-კვირიანი ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული კურსია, რომელიც დაგეხმარება მათ პირველი ნაბიჯების გადადგმასა და იდეის სწორად განვითარებაში.
პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები გაეცნობიან სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს სტარტაპების შესაქმნელად და განსავითარებლად. კერძოდ, ისწავლიან და გაივლიან იდეის ვალიდაციას, შექმნიან პროდუქტის პირველად ვერსიას (MVP) თანამედროვე AI ინსტრუმენტების დახმარებით და დახვეწავენ პრეზენტაციის (Pitching) უნარებს; მოემზადებიან გრანტისთვის - პროგრამის გავლა საუკეთესო გზაა სააგენტოს 25 000 ლარიან საგრანტო კონკურსსა თუ საერთაშორისო აქსელერატორებში მოსახვედრად; გამოცდილი მენტორები და წარმატებული სტარტაპერები ინდივიდუალურად იმუშავებენ თითოეულ ბენეფიციართან.
პროგრამის ბოლოს, იდეების წარსადგენად და გამარჯვებულების გამოსავლენად გაიმართება „დემო დღე“. გამარჯვებული დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით“, - აცხადებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა რეგისტრაცია ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/m3CZ2e უნდა გაიარონ. პროექტის ორგანიზტორი „აკერ თბილისია“. პროგრამის ბენეფიციარებს კი კასპის ტექნოპარკი უმასპინძლებს.