„სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვეს
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის - „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებაზე ალექსანდრე მღებრიშვილმა (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი), ქეთევან ქოქრაშვილმა (განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ზურაბ კერვალიშვილმა („გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის დირექტორი), ზურაბ ზურაბაშვილმა (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე), ლევან მიდოდაშვილმა (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი), ციური დურულმა (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი), ლელა ალექსიძემ (გორის სახელმიწფო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი; აღნიშნული კონკურსის კოორდინატორი), გიორგი ბერძნიშვილმა (გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, აღნიშნული კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე) ხაზი გაუსვეს რეგიონში მსგავსი ინიციატივების გამხორციელების მნიშვნელობას, მადლობა გადაუხადეს კონკურსის მონაწილეებს გაწეული შრომისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
„აღნიშნული პროექტი „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის და ა(ა)იპ ფონდი საერთაშორისო განათლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანი VI–IX კლასებისთვის ინოვაციური, კრეატიული და პრაქტიკულად გამოყენებადი სასწავლო რესურსების შექმნა იყო.
კონკურსზე 52 მონაწილის 34 სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსი იყო წარმოდგენილი. რესურსები შემდეგ მიმართულებებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მომზადდა. ინოვაციურის სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები კი ხელს შეუწყობს სკოლებში სწავლების ხარისხის და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, საგაკვეთილო პროცესში, ასევე მოსწავლეთა ჩართულობას გაზრდის“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
რაც შეეხება წარმატებულ მონაწილეებს, ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: მაია ადამიშვილი (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; რესურსი - „კბილების ჯანმრთელობის გზამკვლევი“); თამარ ბერიძე (გორის №10, ბერშუეთის და ქვემო სობისის საჯარო სკოლების მასწავლებელი; რესურსი - „ქიმიური დომინო“); მერი ტერუნაშვილი (ვაჟა ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; რესურსი - „გაქცევა მოჩვენებების ქალაქიდან“); სვეტლანა მღებრიშვილი და დინარი სადაღაშვილი (გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის ქიმიის და მათემატიკის მასწავლებლები; რესურსი -„წვა და ჟანგვა“); ნანა ტატურაშვილი და ეკატერინე ხუციშვილი (ვაჟა ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლები; რესურსი - „ერითროციტების მოგზაურობა ორგანიზმში“); ელენე ბიტარიშვილი (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების V საფეხურის სტუდენტი; რესურსი - „დედამიწის მოუსვენარი გული - ვულკანები და მიწისძვრები“).
კომისიის გადაწყვეტილებით კი კონკურსის რჩეულ სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსად დასახელდა: „ქიმიური ექსპერიმენტების ლაბორატორია“, რომლის ავტორებიც ნინო გარსევანიშვილი და ჟანა ეგაძე (გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქიმიის მასწავლებლები) არიან.
გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი რატი შუშიაშვილი უძღვებოდა, მუსიკალურად კი გორის უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“ აფორმებდა.
კონკურსის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს, სერტიფიკატთან ერთად, სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.