საზოგადოება
30.07.2026 16:10
საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მოდელად აღიარეს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მოდელად აღიარა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2026 წლის ჰეპატიტების გლობალურ ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ინფექციის ტვირთის მკვეთრი შემცირების კუთხით.

„დოკუმენტში შეფასებულია ევროპის რეგიონში ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები და არსებული გამოწვევები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გამოცდილება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი დაავადების დაძლევა მტკიცე პოლიტიკური ნების, მასშტაბური ტესტირების და საყოველთაო მკურნალობის უზრუნველყოფით.

ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ლიდერობას აღნიშნული მიმართულებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპის რეგიონის ქვეყნებს, დაძლიონ ბარიერები და გამოიყენონ წარმატებული ქვეყნების გამოცდილება 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მისაღწევად“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხებზე ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის ხელმძღვანელის მაია წერეთელის თქმით, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ აჩვენა, რომ ელიმინაცია მხოლოდ მიზანი კი არა, რეალურად მიღწევადი შედეგია.

„ტესტირების გაფართოებით, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მკვეთრად შევამცირეთ ქვეყანაში C ჰეპატიტის ტვირთი. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მიაღწიოს პროგრესს, როდესაც ჰეპატიტი ეროვნული პრიორიტეტი ხდება“, - აღნიშნა მაია წერეთლმა.

შეგახსენებთ, საქართველოში, C და B ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
პროგრამის დაწყებიდან (2015 წლის 21 აპრილი) მასში 94 000-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო. განკურნების მაჩვენებელი კი 99%-ია. 2024 წლიდან ქვეყანაში, ასევე B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც მოქმედებს და 1 700-ზე მეტი პაციენტია ჩართული.
კვირის ამბები