საზოგადოება
30.07.2026 16:11
პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი ხვალ დასრულდება
პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი ხვალ, 31 ივლისს დასრულდება.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აღნიშნავენ, V ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეხუთე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.

რაც შეეხება დოკუმენტებს, მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

შეგახენებთ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. პირველკლასელთა რეგისტრაცია მეხუთე ეტაპით დასრულდება.
კვირის ამბები