გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, მდინარე მტკვარზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებმა გასაბერი ნავიდან ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის სახეობის 50 კილოგრამამდე თევზი.
„ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს; მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რომ დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით ისჯება.