საზოგადოება
31.07.2026 16:20
ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. საკონკურსოდ კი განიხილება პრემიის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები, ასევე, გასულ წელს გამოსაცემად მომზადებული და ჯერ კიდევ წიგნად გამოუცემელი ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.

„გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „ქალი პროზაიკოსი“ (საუკეთესო პროზაული კრებულისთვის); „ქალი პოეტი“ (საუკეთესო პოეტური კრებულისთვის); „ქალი მთარგმნელი“ (საუკეთესო თარგმანისთვის) და „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“.

თითოეულ ნომინაციაში პრემია 5 000 ლარია (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა.

ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია ხუთი წევრის შემადგენლობით“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონკურსო განცხადებების მიღება 2026 წლის 31 აგვისტოს 12:00 საათამდე სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (info@culture.gov.ge) ელექტრონულადაა შესაძლებელი. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.

დაინტერესებულმა პირმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სამინისტროს ცხელ ხაზზე: 032 2 022229; მობ.: 599877816.

ლიტერატურული კონკურსი, რომელიც 2022 წელს დაარსდა, დიდი ქართველი პოეტის - ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი ყოველწლიურია და მისი მიზანი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისებაა.
კვირის ამბები