საზოგადოება
03.08.2026 12:06
ესპანეთში, საბერძნეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კვლავ გრძელდება ტყის ხანძრებთან ბრძოლა. Reuters-ის ინფორმაციით, ესპანეთისა და საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში ვითარება კვლავ გაუარესდა.

საფრანგეთის ვარის დეპარტამენტში ხანძარმა 1000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა, რის გამოც 2500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
 
ესპანეთის დედაქალაქის გარშემო ვითარება დასტაბილურდა, თუმცა, მეხანძრეები ლეონის პროვინციაში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან.
 
საბერძნეთში კი, მას შემდეგ, რაც ძლიერი ქარების შედეგად ხანძარმა ათენის მიდამოები მოიცვა, ტყის ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
 
საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ატიკისა და ევბეის რეგიონების მოსახლეობა ტყის ხანძრების რისკების შესახებ გააფრთხილა.

ამასთან, საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. აღნიშნული ვერტმფრენი საბერძნეთს ავსტრალიური კომპანიისგან იჯარით ჰქონდა აღებული.
კვირის ამბები