საზოგადოება
03.08.2026 15:26
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, მაღალი ტემპერატურის პერიოდში აუცილებელია საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება.
ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებისგან კი თავის შეკავება. ასევე, სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან და მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება და მისი გადატანა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში (დილის საათები). ქუჩაში გასვლისას რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარება, ასევე ქუდის, ქოლგის და მზისგან დამცავი სათვალის გამოყენება. საცხოვრებელ სივრცეში კი მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება, ხოლო ოთახების განიავება ღამის და დილის საათებში.

„ვაფრთხილებთ მშობლებს და შინაური ცხოველების პატრონებს, დაუშვებელია ბავშვების და ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

თბური ტალღები და მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოშიც იზრდება მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებას, ასევე ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
კვირის ამბები