საზოგადოება
03.08.2026 15:27
ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც.

„ივნისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ისეთ სექტორებში, როგორიცაა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ჯანდაცვა, საფინანსო და სადაზღვევო და ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

2026 წლის 6 თვის მაჩვენებლებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმაც. საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და 3,876.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით (რეექსპორტის გარეშე), რომელიც 62.6%-ით გაიზარდა და 2,391.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია“, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
კვირის ამბები