შინდისის საჭიდაო არენა „შინდისის გმირების“ ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჭიდაო არენაზე 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული „შინდისის გმირების“ ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 22 აგვისტოს გაიმართება და ასპარეზობა 11:00 საათზე დაიწყება. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უფროსი ასაკის სპორტსმენები იასპარეზებენ. მოჭიდავეები პირველობისთვის 4 წონით კატეგორიაში (60 კგ., 70კგ., 80კგ., + 80 კგ.) იბრძოლებენ.
რაც შეეხება დაჯილდოებას, 60 კგ., 70 კგ, და 80 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულს 1250 ლარი, II ადგილზე გასულს - 625 ლარი, ხოლო III ადგილის მფლობელს 375 ლარი გადაეცემა.
+80 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებული 2500 ლარს, II ადგილის მფლობელი 1250 ლარს, ხოლო III ადგილის მფლობელი 625 ლარს მიიღებს.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს, ასევე თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.
მემორიალური ტურნირი სპორტის სამინისტრო, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება, რომლის მიზანი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და შინდისის გმირების ხსოვნის უკვდავყოფაა.