განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge
მიღება გამოცხადებულია 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა 21 372-ს შეადგენს.
,,რეგისტრაციისას, აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ როგორც საბაზო, ისე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს. ამასთან, აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობები, რომლებიც პროგრამის ტიპისა და დონის შესაბამისად განსხვავდება.
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირს პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარე პროგრამას ახალ პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე დაასრულებს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში კი ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.
12 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, აპლიკანტთა შერჩევა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნების და პროცედურების შესაბამისად განხორციელდება.
უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების მიხედვით მოხდება. ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 24 ოქტომბერს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - 25 ოქტომბერს ჩატარდება.
შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტთა შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსისა და მიღწეული განათლების დონის გათვალისწინებით აპლიკანტთა რეიტინგულ სიას ადგენს.
თუ აპლიკანტმა რეგისტრაციის ეტაპზე რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩია, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით, ვალდებულია სისტემაში დააფიქსიროს საბოლოო არჩევანი და მონიშნოს ერთ-ერთი პროგრამა, რომელზეც ჩარიცხვის უფლება მოიპოვა.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე - vet.ge
პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს: (+995 32) 2200 220, ან მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.