
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში ღვაწლმოსილი პედაგოგის ზეინაბ ლაბარტყავას ბაღიდან გაცილების ღონისძიება გაიმართა.
საბავშვო ბაღში აღმზრდელის პროფესიული საქმიანობის დასრულება ბაღის პერსონალმა და აღსაზრდელებმა ემოციური, განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით სავსე ღონისძიებით აღნიშნეს.
როგორც ზეინაბ ლაბარტყავამ აღნიშნა, 52 წელი - ეს მხოლოდ პროფესიული საქმიანობის ხანგრძლივობა არ არის. ეს არის ერთგულების, პასუხისმგებლობისა და ადამიანებისადმი სიყვარულით გაწეული შრომის 52 წელი.
პედაგოგის საზეიმო გაცილების ცერემონიას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე, მერიის განათლების განყოფილების წარმომადგენლები, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს, საბავშვო ბაღის თანამშრომლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღვაწლმოსილ პედაგოგს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„ზეინაბ ლაბარტყავა 52 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა საკუთარ პროფესიას, ბავშვებსა და სკოლამდელი განათლების სფეროს. პედაგოგმა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვების აღზრდას და მათზე ზრუნვას მიუძღვნა.
მისი პროფესიული გზა სავსეა შრომით, პასუხისმგებლობითა და არაერთი თაობის აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით. თავისი მოღვაწეობის მანძილზე იგი აღსაზრდელებისთვის იყო სითბოს, მზრუნველობისა და სიყვარულის მაგალითი“, - აღნიშნეს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.