საზოგადოება
22.09.2026 14:55
გორელი პოეტი აკაკი ბიძინაშვილი 90 წლის ხდება

პოეტი აკაკი ბიძინაშვილი 25 სექტემბერს 90 წლის ხდება. გორელმა ავტორმა, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, კიდევ ერთი წიგნი გამოსცა.

„მშობლიური მოტივები - 90“ - ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც ერთი პოემა და პოეტის ახალი ლექსებია თავმოყრილი.

„სიტყვით, საქმით, ნიჭით, უნარით, ფიქრით და აზროვნებით გამორჩეული - პოეტი აკაკი ბიძინაშვილი თანამედროვე ქართლის ჭირის მოზიარე და ჟამთააღმწერელია. მისი პოეზია სულიერი ტკივილებითაა აღსავსე. წერს სიყვარულზე, მეგობრობაზე, პატრიოტიზმზე... მის სტრიქონებს პოეტური მუხტი, ემოციურობა არ აკლია და, ამასთან, იშვიათი ანალიტიკური გონების პატრონია“, - ასე აფასებენ ავტორს ლიტერატურულ წრეებში.

იუბილარი პოეტი თხუთმეტამდე პოეტური კრებულის ავტორია: „ყური დამიგდე“, „ეს ორი ცრემლი“, „შენს თითებზე“, „ირაო“, „მე ახლა ისეთ სიმღერას ვმღერი“, „ლირიკა“, „გორის ციხიდან“, „ბროწეულის ყვავილები“, „მონოლოგები“, „გზაჯვარედინზე“ და სხვ. მისი ლექსები ბულგარულ, რუმინულ, გერმანულ, რუსულ და ოსურ ენებზეა თარგმნილი.

უცხოურიდან არაერთი ლექსი თარგმნა თავად პოეტმა. ავტორის ლექსებზე შექმნილია სიმღერებიც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მწერალთა კავშირმა 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აკაკი ბიძინაშვილს გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია მიანიჭა.

აკაკი ბიძინაშვილი 1936 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში დაიბადა. პოეტი სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია აკაკი წერეთლის, გიორგი შატბერაშვილის და მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიებით, მიღებული აქვს „იაკობ გოგებაშვილის“ მედალი, „ღვაწლმოსილის“ და „ქართული პოეზიის რაინდის“ წოდება.

კვირის ამბები