გორის №14 საბავშვო ბაღში ღვაწლმოსილი პედაგოგის - ნანი ჯავახიშვილის გაცილების ღონისძიება გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის №14 საბავშვო ბაღში, მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, პედაგოგის - ნანი ჯავახიშვილის გაცილების ღონისძიება გაიმართა.
საბავშვო ბაღში აღმზრდელის 60-წლიანი პროფესიული საქმიანობის დასრულება, საბავშვო ბაღის თანამშრომლებისა და აღსაზრდელების მონაწილეობით, თბილი და განსაკუთრებული ღონისძიებით აღინიშნა.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შათირიშვილმა და მერიის წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილ პედაგოგს მრავალწლიანი და ღირსეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, მისი პროფესიული და საზოგადოებრივი ღვაწლი დააფასეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„60 წელი საბავშვო ბაღში მუშაობა - ეს არის ცხოვრების უდიდესი ნაწილი, რომელიც ბავშვების აღზრდას, განათლებას და მათზე ზრუნვას მიუძღვნა. თუმცა, ნანი ჯავახიშვილის საქმიანობა მხოლოდ საბავშვო ბაღით არ შემოიფარგლებოდა. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობასაც აერთიანებს.
პედაგოგი არაერთი საპატიო სიგელის და ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული აკადემიის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, საქართველოს საპატრიარქოს, გორისა და ატენის ეპარქიის, სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სიგელები და სხვა მნიშვნელოვანი აღიარებები.
მისი საზოგადოებრივი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მართლმადიდებელ ქალთა ორგანიზაციის გორის განყოფილების დაფუძნება და ხელმძღვანელობაა. ასევე, წლების განმავლობაში იგი პროფესიონალ ქალთა ორგანიზაცია - „100 ქართველი ქალის“ გორის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ნანი ჯავახიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს წითელი ჯვრის „ცოდნის გამავრცელებელი საბჭოს“ საქმიანობაში. ასევე, მასწავლებელთა სახლის საკვირაო სკოლის და სხვა არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია“, - აღნიშნეს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.