საზოგადოება
28.09.2026 17:01
„ტყის პატარა მცველი“ - შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი კონკურსი - „ტყის პატარა მცველი“ გამოაცხადა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დღეს, 28 სექტემბერს დაიწყო და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება მონაწილეობას, კონკურსში მონაწილეობა, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლების I-V კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. ნამუშევრები კი ორ ასაკობრივ ჯგუფში - I-II და III-V კლასებში შეფასდება. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ჟიური 5 გამარჯვებულს გამოავლენს.

„კონკურსის მიზანია, ბავშვებში ტყისა და მისი ბინადრების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ხელშეწყობა.

ბავშვებმა შემოქმედებითი ფორმით (ერთი ნამუშევარი A4 ან A3 ზომის ფურცელზე, რომელშიც გააერთიანებულია ნახატი და მოკლე ტექსტი) უნდა წარმოაჩინონ ტყის და მისი ბინადრების მნიშვნელობა და გაგვიზიარონ საკუთარი იდეები ბუნებაზე ზრუნვის შესახებ. კომპეტენტური ჟიური ნამუშევრებს შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით შეაფასებს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან სპეციალურ დაჯილდოების ღონისძიებაზე. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ თემატური პრიზები და სერტიფიკატები. გამარჯვებულებს ღონისძიების თარიღი წინასწარ ეცნობებათ“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში.

„ტყის პატარა მცველი“ - კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა (უფროსების დახმარებით) უნდა შეავსოს ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არსებულ ბმულზე. დამატებითი ინფორმაციისთვის კი დაუკავშირდეს ელექტრონულ მისამართზე: info@ eiec.gov.ge
ცნობისთვის, კონკურსი პროექტ - „ECO. Georgia“-ს ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ტარდება და გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და GIZ-ის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
კვირის ამბები