საზოგადოება
29.09.2026 12:47
ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების არსებული ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. რეაბილიტაცია უტარდება ჭაბურღილს და წყლის ავზს. გარდა ამისა, მოეწყობა შიდა წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური გამრიცხველიანების სისტემა.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები დაახლოებით 140 ოჯახი განახლებული და მოწესრიგებული სისტემის საშუალებით 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აღნიშნული სამუშაოები 13 სოფელში მიმდინარეობს. პროექტების დასრულების შემდეგ, 3 400-ზე მეტი აბონენტი განახლებული ინფრასტრუქტურით და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ადგილზე გაეცნო.
კვირის ამბები